აღმასრულებელი ქოუჩინგის (Executive Coaching) დახმარებით მენეჯერები ფინანსური შედეგების ორჯერ და მეტად გაზრდას ახერხებენ. აღნიშნულს გლობალური კვლევაც (Metrix Global study, 2023) ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ჩემი გამოცდილებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პროფესიონალი ან საერთოდ არ იცნობს აღმასრულებელ ქოუჩინგს, ან მას ეჭვის თვალით უყურებს. არადა, ქოუჩინგი, ეს ყველაზე სწრაფი გზაა, რათა შენი პოტენციალის მაქსიმუმი შედეგები მიიღო.
თანამედროვე ბიზნეს სამყაროში აღმასრულებელი ქოუჩინგი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მენეჯერებს და ხელმძღვანელებს ის არამხოლოდ დიდი სურათის უკეთ დანახვაში ეხმარება, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით ეფექტიანობის ზრდისთვის ყველაზე გამორჩეული საშუალებაა. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლის მენეჯერებსაც ქოუჩები აქტიურად ემუშავებიან, 87% შემთხვევაში ახერხებენ მკვეთრად გაზარდონ უკუგება ინვესტიციაზე (return on investment (ROI)). მსგავსმა შედეგებმა კი ბოლო წლებში ქოუჩინგის ბაზრის სწრაფი ტემპით ზრდა გამოიწვია - გლობალური ქოუჩინგის კვლევის (GCS, ICF) მიხედვით 2023 წელს ქოუჩინგის მიმართულებით დაგენერირებულმა ჯამურმა შემოსავალმა 4.564 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
რა არის აღმასრულებელი ქოუჩინგი?
აღმასრულებელი ქოუჩინგი არის ინდივიდუალური, სტრუქტურირებული პროცესი, რომლის მიზანი მენეჯერების პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ხელშეწყობაა. ქოუჩინგი არ არის მენტორინგი ან კონსულტაცია – ის არ აძლევს პირდაპირ მითითებებს, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ეხმარება კლიენტს თავად იპოვოს მისთვის ყველაზე ოპტიმალური გზები.
როგორ არის აღმასრულებელი ქოუჩინგი ასე მნიშვნელოვანი?
1. სტრატეგიული აზროვნება და მიღწევადი მიზნები
ბიზნეს ლიდერები ხშირად არიან დატვირთულები ყოველდღიური არასტრატეგიული ამოცანებით, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის დიდ სურათზე ფოკუსირებას. აღმასრულებელი ქოუჩინგი ეხმარება მათ პრიორიტეტების განსაზღვრაში, სტრატეგიული ხედვის განვითარებასა და რეალისტური, მიღწევადი მიზნების დასახვაში.
2. გადაწყვეტილებების ეფექტიანობა
გადაწყვეტილების მიღება ხომ კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს როგორც ანალიტიკურ აზროვნებას, ასევე ემოციურ ინტელექტს. ქოუჩი ეხმარება ლიდერებს, გააანალიზონ ალტერნატივები, შეაფასონ რისკები და მიიღონ მათთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას მოიტანს.
3. ადამიანური ურთიერთობების მართვა
იყო წარმატებული მენეჯერი, ბუნებრივია, არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, არამედ ურთიერთობების მართვის უნარსაც. ქოუჩინგი ლიდერებს ემოციური ინტელექტის გაძლიერებაშიც ეხმარება. აყალიბებს ემპათიას, აუმჯობესებს სტრესის მართვას და ხელს უწყობს გუნდთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებაში.
4. კარიერული მიმართულების მკაფიოდ განსაზღვრა
კარიერული განვითარების გზაზე ბევრ წარმატებულ ლიდერს ახალი გამოწვევები ეღობება. ქოუჩი კი ეხმარება მათ, რომ საკუთარ მიზნებში გაერკვნენ, ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასონ, ახალი შესაძლებლობები დაინახონ და შედეგად მათთვის ყველაზე სასურველი მიმართულებები შეარჩიონ.
როგორ მუშაობს აღმასრულებელი ქოუჩინგი?
აღმასრულებელი ქოუჩინგის პროცესს, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპი აქვს:
შეხვედრა და საჭიროებების ანალიზი
– კლიენტი და ქოუჩი ერთად განსაზღვრავენ გამოწვევებს და მიზნებს.
სტრატეგიის შემუშავება
– ფორმირდება სამოქმედო გეგმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგების მისაღწევად.
შეხვედრები და მხარდაჭერა
– რეგულარული სესიების და შუალედური კომუნიკაციის მეშვეობით ქოუჩი ხელს უწყობს პროგრესს.
შედეგების ანალიზი
– კლიენტი აფასებს მიღწეულ შედეგებს და გეგმავს შემდეგ ნაბიჯებს.
ქოუჩინგის გავლენა ორგანიზაციაზე
აღმასრულებელი ქოუჩინგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მთელ ორგანიზაციაზე. მას შეუძლია:
გაზარდოს ხელმძღვანელთა ეფექტიანობა
გააუმჯობესოს თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია
ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნების განვითარებას
გააუმჯობესოს კორპორატიული კულტურა
ამერიკული უნივერსიტეტების პროფესიული კვლევების (American University Professional Studies) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქოუჩინგის შედეგად კომპანიებში 70% -ით იზრდება ინდივიდუალური შედეგები და 50% -ით უმჯობესდება გუნდური მიღწევები.
აღმასრულებელი ქოუჩინგი აღარ არის მხოლოდ ელიტური ლიდერების პრივილეგია – დღეს ის ყველა კომპანიას შეუძლია გამოიყენოს. ქოუჩინგი არ არის თეორიული სწავლება, არამედ პრაქტიკული, გაზომვადი და კონკრეტული შედეგების მომტანი პროცესია, რომელიც თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ეს შენი დროის გამორჩეულად ეფექტიანი ინვესტიციაა.
თუ გსურს შენი კარიერის ან ორგანიზაციის მომავალი უფრო მკაფიო და წარმატებული გახადო, აღმასრულებელი ქოუჩინგი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს.
შენ უკვე გაქვს ყველა პასუხი – ქოუჩი უბრალოდ გეხმარება მათ პოვნაში ...